შეიძლება ითქვას, რომ ინტერიერში მინიმალიზმი ეს არის გამარტივებული თანამედროვე სტილი, ტიპური და მკაფიო გეომეტრიით. ბევრი ფიქრობს, რომ ეს სტილი არაპრაქტიკული, ძალიან მკაცრი და არაკომფორტულია. თუმცა ეს არ შეესაბამება სიმართლეს. მინიმალიზმი ნამდვილად არ არის ყველა ადამიანისთვის, რადგან ეს არის პირველ რიგში ცხოვრების სტილი და მისგან გამომდინარე წარმოქმნილი ინტერიერის დიზაინიც. მინიმალიზმში თქვენ ვერ შეხვდებით ზედმეტ ავეჯსა და ნივთს, თუმცა ის აუცილებლად მოიაზრებს ყველა იმ საჭირო ატრიბუტს, რომელიც გჭირდებათ ყოველდღიური, კომფორტული ცხოვრებისთვის.
ლაკონურია ყველაფერი ფერები, ავეჯი, დეკორი, ფორმები. აქ მნიშვნელოვანია პრაქტიკულობა, ფუნქციურობა და სისადავე. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ეს სტილი მოლოდ ძალიან მკაცრ ფერებს მოითხოვს (ნაცრისფერი, თეთრი, შავი). შესაძლებელია კრემისფერი, ღია ვარდისფერი და სხვა არა მკვეთრი ფერების გამოყენებაც, მთავარია სახლში ფიგურირებდეს 2-3 ტონალობა. მინიმალისტური სტილით იშვიათად აწყობენ საკუთარ სახლებს მთლიანად, რადგან ეს სტილი განსაკუთრებულად კომფორტულია პატარა ფართის ბინისა და საოფისე სივრცეებისთვის. თუმცა საკუთარ სახლში, მისი გამოყენება შეგიძლიათ ცალკეულ ოთახებში. რაც ნებისმიერ ოთახს შესძენს განსაკუთრებულად მშვიდ ხიბლს (მაგ: მინიმალისტური სამზარეულო არის ყველაზე პრაქტიკული რამ ინტერიერში).